მარნეულში იყო გაყალბების ნამდვილი ფესტივალი. ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, როგორც ძველ დროში ხდებოდა ხოლმე. “ქართული ოცნებიდან” ერთი კაცი მოვიდა, მოიტანა ბიულეტენები და ტენის პირდაპირ. თან აწვება მთელი ძალით, იმიტომ რომ ბიულეტენი აღარც კი ეტეოდა, იმდენს ყრიდა ყუთში, – ამის შესახებ ევროდეპუტატმა ნატალი ლუაზომ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდებოდა დამკვირვებლებისა და უცხოელი ორგანიზაციების თვალწინ.
“გაყალბებების მთელი პალიტრა ვნახე. მე ვაკვირდებოდი 10 საარჩევნო ბიუროს. ვიყავით 500-მდე დამკვირვებელი. მე ვიყავი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში და ასევე ვაკვირდებოდი პროცესს საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთით. მარნეულში იყო გაყალბებების ნამდვილი ფესტივალი. ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, როგორც ძველ დროში ხდებოდა ხოლმე. “ქართული ოცნებიდან” ერთი კაცი მოვიდა, მოიტანა ბიულეტენები და ტენის პირდაპირ. თან აწვება მთელი ძალით, იმიტომ რომ ბიულეტენი აღარც კი ეტეოდა, იმდენს ყრიდა ყუთში.
ეს ხდებოდა დამკვირვებლების წინ, უცხოელი ორგანიზაციების თვალწინ და მე ამ დროს გარეთ ვარ და შემოვდივარ. ჩემ წინ არის ახალგაზრდა კაცი დამკვირვებელი და ის იღებს ამ კადრებს. ეს კაცი, პირდაპირი მნიშვნელობით, კინაღამ დაახრჩვეს. ხელში შემრჩა ბიჭი, რომელსაც მუქი წითელი ლაქები ჰქონდა კისრის ირგვლივ. წარმოუდგენელი არეულობა და გაუგებრობა იყო. ვნახე ხმების ყიდვა, პირდაპირი მოსყიდვა, რომელიც მიმდინარეობდა საარჩევნო უბნის გარეთ, რაც გადავიღეთ. იცით როგორ ხდებოდა?! გარეთ დადგმული იყო დიდი მაგიდები, სადაც ირგვლივ გთავაზობდნენ ჩაის და ამ დროს მაგიდის ქვეშიდან გაწოდებდნენ ფულს. მათ ვისაც ხმა უკვე მისცეს და განსაკუთრებით თუ თქვენი ბიულეტენის ფოტოს აჩვენებდით, რომ “ოცნება” შემოხაზეთ.
საარჩევნო კაბინაში ყველა სურათებს უღებდა თავის ბიულეტენს, აბსოლუტურად ყველა. ერთმა ქალმა ვერ გაბედა მარტო იმიტომ, რომ ეტყობა შერცხვა ჩვენი დაჟინებული მზერის. ალბათ, გულში ფიქრობდა ეს საზიზღარი ევროპელებიო, ჩვენს გამო ვერ აიღებდა კუთვნილ გასამრჯელოს. დაშინების ფაქტები. საქართველოს ციხეებიდან მასიურად გაათავისუფლეს კრიმინალები, რომლებიც განთავსებულები იყვნენ საარჩევნო უბნების წინ, თაღლითები, რომლებთანაც დაპირისპირებას ვერც კი გაბედავდი და რომელსაც ეჭირათ ხელში სია ხალხის, რომელიც მოვიდა არჩევნებზე და რომელიც არ მოვიდა. როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი არ ჩანდა საარჩევნო უბანზე ურეკავდნენ ოჯახის უფროსს და ანგარიშებს სთხოვდნენ. სად ხარ? საათი ნახე? და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენს თვალწინ, წარმოდგენასაც კი ვერ ვბედავ, რა ხდებოდა, როდესაც ჩვენ არ ვიყავით. ბევრ მოქალაქეს ჩამორთვეს პირადობის მოწმობა. ბევრი მიდიოდა სხვისი პირადობის მოწმობით ხელში, აძლევდა ხმას და ვიმეორებ, ეს ხდება ჩვენ თვალწინ, მოურიდებლად. იყო ასეთი შემთხვევაც კაცი მოვიდა ქალის პირადობის მოწმობით და მას ვუთხარით, რომ არა ბატონო ქალის დოკუმენტით ხმას ვერ მისცემ-თქო. მაგრამ, ზუსტად ვიცოდით, როგორც კი შევბრუნდებოდი, იგივე და უარესი განმეორდებოდა“, – განაცხადა ნატალი ლუაზომ.
ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდა.