პოლიტიკურ პარტიებს არ გვაძლევს პოლიცია იმის შესაძლებლობას, რომ წარმოდგენილი ვიყოთ სასამართლოზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოლოდინს, რომ დღეს ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება გაბათილდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს, ანუ მხარეებს სასამართლოზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.
“პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და ამ გაყალბების მიუხედავად გადალახული აქვთ ბარიერი, ისინი ითვლებიან მხარედ სასამართლოში, რადგანაც იქ მიღებულ გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს ამ პარტიების ინტერესებზე. შესაბამისად, ჩვენ ვართ ოფიციალური მხარე, გვაქვს კანონის შესაბამისად დასწრების უფლება, მაგრამ ვხედავთ, რომ ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი პოლიცია არღვევს კანონს მორიგჯერზე და მხარეებს, ანუ პოლიტიკურ პარტიებს არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წარმოდგენილი ვიყოთ სასამართლოზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება გაბათილდება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციური კოალიციები მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციას მართავენ.