spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიოს ლიდერები ულოცავენ

დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს.

ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიოს ლიდერები ულოცავენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას ელის.

“ევროკავშირსა და აშშ-ის აქვთ მტკიცე ალიანსი და ისტორიული კავშირი. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი ელის ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი, როგორც ძლიერი, კონკურენტულ და სუვერენულ პარტნიორი, წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი სისტემის დაცვის პარალელურად, გააგრძელებს მის კურსს სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად“, – წერს მიშელი.

ტრამპს ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

“გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს. აშშ და ევროკავშირი მოკავშირეებზე მეტნი არიან. ჩვენ დაკავშირებული ვართ ნამდვილი პარტნიორობით ჩვენს ხალხებს შორის და ვაერთიანებთ 800 მილიონზე მეტ მოქალაქეს. ამიტომ, მოდი, ერთად ვიმუშაოთ ძლიერ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე მათთვის”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ნატო გენერალური მდივანი მარკ რუტე ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის მასთან თანამშრომლობას.

“მე მივულოცე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. მისი ლიდერობა იქნება საკვანძო ჩვენი ალიანსის სიმტკიცის შესანარჩუნებლად. მე მოუთმენლად ველი მასთან კვლავ თანამშრომლობას ნატოს საშუალებით მშვიდობის გასაძლიერებლად”, – წერს მარკ რუტე.

აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.

“პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, გილოცავთ. მზად ვარ ვიმუშაოთ ერთად ისე, როგორც ამას ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით, თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემითა და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, – წერს მაკრონი.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავს ავსტრიის კანცლერი.

“ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ავსტრიისთვის. ჩვენ მოუთმენლად მოველით ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განმტკიცებას გლობალური გამოწვევების ერთად, წარმატებით გადაჭრისთვის”, – წერს კარლ ნეჰამერი.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი თანამშრომლობის განახლებას მოელის.

“ჩემო მეგობარო, გულითადად გილოცავთ არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას. რამდენადაც თქვენ წარმატებით აგრძელებთ თქვენს წინა ვადას, ველი თანამშრომლობის განახლებას ინდოეთი-აშშ-ის ყოვლისმომცველი გლობალური და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ხალხებისა და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად“, – წერს ინდოეთის პრემიერი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ისრაელსა და ამერიკას შორის დიადი ალიანსის მომასწავებელია.

“გილოცავთ ისტორიაში უდიდეს დაბრუნებას! თეთრ სახლში თქვენი ისტორიული მობრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისის და ისრაელსა და ამერიკას შორის დიადი ალიანსის მომასწავებელია”, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინის მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერას შეერთებულ შტატებში”,- წერს ზელენსკი.

ტრამპს მიულოცა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

“ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მის გამარჯვებას. მოლდოვა პატივს სცემს აშშ-სთან ურთიერთობას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ელოდება ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენი ხალხის სამომავლო კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის“, – წერს მაია სანდუ.

დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცეს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ და ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა.

“ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. აშშ ლიეტუვის საკვანძო სტრატეგიული პარტნიორია. ორივე ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოება. ლიეტუვა ამჟამად თავდაცვაზე 3.5%-ს გამოყოფს მშპ-დან და გავაგრძელებთ ინვესტიციების ზრდას. ტრანსატლანტიკური ერთობა გადამწყვეტია”, – წერს გიტანას ნაუსედა.

“ვულოცავ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობს, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობა. ევროპას სჭირდება ძლიერი აშშ და აშშ-ის სჭირდება ძლიერი ევროპა. ლატვია არის და იქნება ძლიერი, სანდო პარტნიორი აშშ-ისთვის”, – წერს რინკევიჩი.

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ტრამპის გამარჯვებას უდიდესი დაბრუნება უწოდა და მას ეს წარმატება მიულოცა – “უდიდესი დაბრუნება შეერთებული შტატების პოლიტიკის ისტორიაში! ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გრანდიოზულ გამარჯვებას, რომელიც მსოფლიოს ასე ძლიერ სჭირდებოდა“, – წერს ვიქტორ ორბანი.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

“გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ! ძლიერი აშშ – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი – ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

“პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას!

დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონალურ მშვიდობას და უზრუნველყოფილი იქნება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა!“, – წერს კობახიძე.

პრეზიდენტ ტრამპს ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

“გულთბილი მილოცვა დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად შთამბეჭდავ გამარჯვებაში. ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, მე მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა ავაშენოთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ინტერესებზე”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები