ჩემმა დაკითხვამ ძალიან კარგად აჩვენა ის, რომ პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს იმას, როგორ არ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს არჩევნები, – ამის შესახებ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი უმოქმედო სამართალდამცავი ორგანოები არ ახსოვს, არც ერთ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში.
“მე დაბარებული ვიყავი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე, თქვენ იცით, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მხოლოდ მას შემდეგ დაარღვიეს დუმილი წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეექმნა დისკომფორტი, იმ სამართლიანი კრიტიკის გამო, რომელიც მან მიიღო ამ არჩევნების ჩატარების გამო. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით, თუმცა გუშინდელმა ჩემმა დაკითხვამ ძალიან კარგად აჩვენა ის, რომ პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს იმას, როგორ არ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს არჩევნები. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი რომ მწყობრიდანაა გამოსული, ამაზე საუბარი დიდი ხანია, მიდის, მაგრამ აქამდე იმიტაციის მცდელობა მაინც იყო იმის ჩვენების, რომ ინსტიტუტები ფორმალურად მუშაობენ. მე ასეთი უმოქმედო სამართალდამცავი ორგანოები არ მახსოვს, არც ერთ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოიკითხა.