spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – საქართველოს დემოკრატიისთვისაც არ იქნება ტრამპის მმართველობა ისეთივე ეფექტიანი და შემაკავებელი, როგორც ეს ბაიდენის დროს იყო

ტრამპის არჩევა შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მთელი დემოკრატიული სამყაროსათვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა მცირეოდენ უპირატესობას კამალა ჰარისს ანიჭებდა და არაფერი იყო გამორიცხული, შოკის მომგვრელი თავად შედეგი იყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რესპუბლიკელებმა კონგრესის ორივე პალატაში მოიპოვეს უმრავლესობა, ხოლო სასამართლო სისტემაში ტრამპმა თავის დროზე მოასწრო კონსერვატორი მოსამართლეების ჩანერგვა.

“ტრამპის არჩევა შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მთელი დემოკრატიული სამყაროსათვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა მცირეოდენ უპირატესობას კამალა ჰარისს ანიჭებდა და არაფერი იყო გამორიცხული, შოკის მომგვრელი თავად შედეგი იყო. ტრამპის ასეთი დიდი უპირატესობით გამარჯვება ყველასთვის მოულოდნელი და ყველა პროგნოზს აცდენილი აღმოჩნდა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რესპუბლიკელებმა კონგრესის ორივე პალატაში მოიპოვეს უმრავლესობა, ხოლო სასამართლო სისტემაში ტრამპმა თავის დროზე მოასწრო კონსერვატორი მოსამართლეების ჩანერგვა.

თუ რა მოხდა ამერიკაში, ამაზე პასუხი დროთა განმავლობაში გაეცემა ობიექტური ანალიზის შედეგად. ერთი რამ ფაქტია – ამერიკა არ აღმოჩნდა მზად პრეზიდენტი ქალის, თანაც ფერადკანიანის მისაღებად. თავად ტრამპის ასეთი დამაჯერებელი შედეგით გამარჯვება, უფრო ზუსტად კი დემოკრატების გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხება, პირველ რიგში ამერიკელების მიერ მმართველი პარტიის ცუდი მუშაობისადმი პროტესტის ნიშნად შეიძლება მივიღოთ, რომლის შეცვლის სურვილით ისეთ არაპროგნოზირებად პიროვნებასაც კი ანდეს ქვეყნის ბედი, როგორიც ტრამპია.

არც რესპუბლიკურ პარტიას აქვს ტრამპთან ოპონირების უნარი. მან პარტიაში ფაქტობრივად არაფორმალური მმართველობა დაამყარა. ისე, რომ არ ფლობდა არავითარ ოფიციალურ პოსტს, მთელი ოთხი წლის განმავლობაში თავის ნებაზე მართავდა პარტიას და კონგრესის რესპუბლიკურ ნაწილს. ეს განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების ბლოკირებისას გახდა თვალსაჩინო.

ტრამპის გაპრეზიდენტება ბევრ პრობლემას შეუქმნის დასავლეთს. მისი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი არის ძალიან სახიფათო. შეიძლება მასში ცალკეული დადებითი მხარეებიც აღმოვაჩინოთ (მაგალითად, ნავთობის მოპოვებაზე შეზღუდვების მოხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში), მაგრამ უარყოფითი აშკარად გადაწონის დადებითს.

საქართველოს დემოკრატიისთვისაც არ იქნება ტრამპის მმართველობა ისეთივე ეფექტიანი და შემაკავებელი, როგორც ეს ბაიდენის დროს იყო. ბაიდენის ადმინისტრაციამ კარგად იცოდა აქ არსებული პრობლემები.

“ორპარტიული მხარდაჭერის” ფაქტსაც ზედმეტად ოპტიმისტურად უყურებენ ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს მთავრობა იღებს, თუნდაც იგივე სანქციებთან დაკავშირებით. იქნება თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ისეთივე მომთხოვნი ივანიშვილის რეჟიმისადმი, როგორიც ბაიდენის ადმინისტრაცია იყო, არავინ იცის, თანაც, როდის მოიცლიან ჩვენთვის, ესეც ძნელი სათქმელია.

საქართველოში ტრამპის გაპრეზიდენტებაში იმათაც კი დაიწყეს დადებითი მხარეების ძებნა, რომლებიც მანამდე მისადმი კეთილგანწყობაში არ ყოფილან შემჩნეულნი. “ჯაველინები ხომ მოგვცა”, “გადასახადებს შეამცირებს”, “ომს დაამთავრებს”, “ჩინეთს ტარიფებს დაუწესებს” და ასე შემდეგ. ზოგი პრაგმატული მოსაზრებით ამბობს ამას, ზოგმაც სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადა. არცაა ეს გასაკვირი.

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკა, რა თქმა უნდა, არ შედის ოპოზიციის დღის წესრიგში და ეს უაზრობა იქნებოდა. მთავარია, ილუზიებს არ მივეცეთ და მთლად აბუჩად ნუ ავიგდებთ “ქართული ოცნების” სიხარულს. ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დროული აწყობაა საჭირო. ამის გარეშე ძნელი იქნება ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის შეკავება”, – წერს რომან გოცირიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები