ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრები არ დააკმაყოფილა. ისინი ფარულობის დარღვევის გამო 73 ოლქის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საჩივრებს უსაფუძვლო უწოდა.
სხდომა 8 საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლაშა ფარულავას ცესკოს თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურის დახმარებით დარბაზი დაატოვებინა.
საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის თქმით, დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას და ზოგიერთი მათგანი პირდაპირ აჟღერებდა საიას წინააღმდეგ იგივე ბრალდებებს, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დღეებში ისმის.
“მათ შორის, სვამდნენ ისეთ კითხვებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვს შემხებლობა განსახილველ საკითხთან. მაგალითად, ჩვენი დამკვირვებლებისთვის ჩატარებული ტრენინგების შინაარსს ვუთანხმებთ თუ არა დონორებს.
ამის მიუხედავად, საინტერესო დადასტურებაც მივიღეთ ამ სხდომიდან, ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა წევრმა დაადასტურა, რომ კამერები, რომლებიც უბნებზე იყო, მათ ეკუთვნოდათ.
ჩვენ ამ საკითხზე დავას აუცილებლად გავაგრძელებთ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომლის გამოყენებაც დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია”, – აცხადებს ქურდოვანიძე.