ძალიან უხერხული იყო პირველადი განცდა, რაც მქონდა, როდესაც ჩამოდის ევროკავშირის მეგობარი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და შენი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები არ ხვდებიან მათ, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ ევროპელი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან სახიფათოდ ისმის უვიზო მიმოსვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეჩერების პროცესი, ეს გადაწყვეტილება თუ შეჩერდა, ეს იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი.
“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მნიშვნელოვანი გზავნილია და მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელია ეს ვიზიტი. ძალიან უხერხული იყო პირველადი განცდა, რაც მქონდა, როდესაც ჩამოდის ევროკავშირის მეგობარი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და შენი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები არ ხვდებიან მათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იზოლაციისკენ მიმართული ნაბიჯების და ეს არის ძალიან სახიფათო.
ქვეყანას, რომელსაც აქვს გაცხადებული ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, კანდიდატის სტატუსი და უარს ეუბნები სწორედ იმ გაერთიანების წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს შეხვედრაზე, რომელთა თანხმობის გარეშე, შემდეგ ეტაპზე ქვეყანა ვერ გადავა, ეს არის პირველი სიგნალი, როგორ ღიად და აშკარად მიდის იზოლაციისკენ “ქართული ოცნება.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ, როდესაც არც მეტი, არც ნაკლები, ძალიან სახიფათოდ ისმის უვიზო მიმოსვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეჩერების პროცესი, ეს გადაწყვეტილება თუ შეჩერდა, ეს იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თბილისში ვიზიტით ევროკავშირის 8 ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი უკვე შეხვდნენ პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს.