spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოპონენტების პოლიტიკური განეიტრალება თუ ქვეყნისთვის რეალური საფრთხეების გამოძიება?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკვე ტრადიციად იქცა სისხლის სამართლის დევნის დაწყება ე.წ. “ხელისუფლების გადატრიალების საქმეებზე” და საფრთხეების პერიოდული დაანონსება. ეს მაშინ ხდება, როდესაც პოლიტიკური ვექტორი ოპოზიციის სასარგებლოდ გადაიხრება. ჩვენ გვახსოვს, 2021 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დასჭირდა ე.წ. “საბურავების რევოლუციის” დაანონსება იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა საზოგადოებაში არსებული მღელვარება, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ გამოიწვია. იმისათვის, რომ ხალხის ყურადღება სხვა საკითხებზე გადაეტანა. მაშინ სუსის მაღალჩინოსნები გვიმტკიცებდნენ, რომ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერები ე.წ. “საბურავების რევოლუციას” ამზადებდნენ და სუსს სათანადო მტკიცებულებები ჰქონდა ამისათვის, თუმცა 3 წელი გავიდა მას შემდეგ და სუსს არც დამნაშავები დაუკავებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები გამოუქვეყნებია. პოლიტიკური ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ სუსს მსგავსი რევოლუციური მითები სჭირდება ოპონენტების დევნა- დაშინებისთვის.

2023 წლის 2 ოქტომბერს, სუსმა საქართველოს ხელისუფლების დამხობაში დაადანაშაულეს სერბეთის მოქალაქეები, სინისა სიკმანი, იელინა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ეს ადამიანები საქართველოში USAID -ის მოწვევით იყვნენ ჩამოსულები და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ტრენინგებს უტარებდნენ „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის საკითხებში “. ამ საქმის გამოძიების შედეგებიც საზოგადოებისათვის უცნობია. თუმცა საქართველოს მთავრობამ ეს ე.წ. „დანაშაული“ საბაბად გამოიყენა და „პოლიტიკური წმენდა“ ჩაატარა კულტურის სფეროში. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დასაჯა ყველა ის ხელოვანი, ვინც არ იყო ივანიშვილის მთავრობის მხარდამჭერი და ღიად აკრიტიკებდნენ საქართველოს მთავრობას. სერბეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული დევნა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად შეაფასა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ. „ეს არ შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას და ადამიანებს შორის დაპირისპირების გაჩენას”.

ჩვენი წყაროსგან, ჩვენთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სუსი გეგმავს, რომ ახალი რევოლუციური-პოლიტიკური სკანდალი ააგოროს. როგორც წყარო გვიყვება, სუსის სამიზნე იქნებიან უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და განსაკუთრებით კი ყოფილი სამხედროები, ვინც დღეს უცხოეთში ცხოვრობენ. საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს დაადგინოს ისეთი შეზღუდვები, რომლითაც საქართველოში ჩამოსვლა შეეზღუდებათ და მომავალში აეკრძალებათ იმ სამხედროებს, ვინც უკრაინის ქართულ ლეგიონში იბრძვიან. ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის ლიდერები ასევე მიდიან სამხედროების ოჯახებში და დაჭერით ემუქრებიან ქართველ სამხედროებს, თუკი ისინი საქართველოში დაბრუნდებიან. ხშირია შემთხვევები, როდესაც აეროპორტიდან უკან აბრუნებენ ქართველ სამხედროებს, ან კიდევ ხდება მათი უკანონო დაკავება.

ამ თემასთან დაკავშირებით, ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ იმ პირებთან, ვისზეც ჩვენი წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია. ესენი არიან სამხედროები, რომლებიც დღეს უცხოეთში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ზოგიერთმა თავისი ვინაობის დაფარვა გვთხოვა, ზოგიერთმა უარი გვითხრა ინტერვიუზე. (მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვახდენთ იდენტიფიკაციას) თუმცა არცერთ მათგანს არ მოუხდენია ინფორმაციის უარყოფა, რომ ყოფილ სამხედროებს, რომლებიც უცხო ქვეყნის ჯარებში მსახურობენ, საქართველოში პრობლემებს უქმნიან.

ი.ჭ. (ყოფილი სამხედრო) – მან უარი გვითხრა ინტერვიუზე, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სუსს ი.ჭ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული და ჩაუტარდა დაკითხვა ი.ჭ. -„მე უკრაინაში არ მიბრძოლია…. მე საფრანგეთიდან ჩამოვედი. მე არ მსურს ჩემი დაკავების დეტალებზე საუბარი, საიდან გაიგეთ? მე არაკომფორტულად ვგრძნობ ახლა თავს, ბოდიშს გიხდით. ამ მომენტში არ შემიძლია რომ გაგესაუბროთ. სხვა დროს იყოს….“

ზ.ბ. (ყოფილი სამხედრო) რომელიც ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნდა: მანაც არ ისურვა ვინაობის გასაჯაროება, თუმცა მოკლე კომენტარზე დაგვთანხმდა: „ვერც კი წარმოვიდგენდი,  5 წლის შემდეგ ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდოდი და პოლიციელი საზღვარზე დამისვამდა კითხვას: „რა მიზეზით ჩამოხვედი საქართველოშიო? მე სხვანაირი საქართველოსთვის ვიბრძოდი, 2008 წელს, ცხინვალში ძლივს გადავურჩი რუსების მიერ ნასროლ ტყვიას, დღეს კი კრემლი უკვე საქართველოშია. ისეთი შეგრძნება მაქვს ჩემი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ არის, და არც ჩემი ოჯახისთვისაა უსაფრთხო აქ გაჩერება”.

ნადიმ ხმალაძე (უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, მან ვინაობის დაფარვა არ ისურვა): „მე უკრაინაში 2 წელი ვიბრძოდი, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გავხდი შემეწყვიტა ქართულ ბატალიონში ბრძოლა. საქართველოში როცა ვბრუნდები,  კიდევ უფრო მეტად ვხვდები რამდენად მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული საქართველოს ბედი უკრაინის გამარჯვებასთან. ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის დამარცხების ხაზი უკრაინაზე გადის. ამიტომ ეშინია საქართველოს მთავრობას, ჩვენი ქართველი ჯარისკაცების, ვინც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის და უკეთესი მომავლისათვის ვიბრძოდით. ჩვენი ოცნება არ ყოფილა, რომ კრემლის ბატონობა დამყარებულიყო საქართველოში”.

სუსის მიერ რევოლუციების დაანონსების და პოლიტიკური ოპონენტების ფაქტები შეაფასეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც:

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის წევრი „ლელო საქართველოსთვის“: “ჩვენ გვახსოვს ისტორიიდან პერიოდი, როცა დიქტატორები, ხელოვან ადამიანებს ხვრეტდნენ და ეკითხებოდნენ: “გაჰყავდათ თუ არა გვირაბი ლონდონიდან ბომბეიმდე? გვეგონა, რომ ეს დრო არასდროს არ დაბრუნდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დრო ყოველთვის შეიძლება დაბრუნდეს, როცა გყავს ხელისუფალი პარანოიდული ინსტინქტებით. მათ არ აინტერესებთ ხალხის ბედი. ისინი ფიქრობენ რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება“.

ანა წითლიძე: საქართველოს პარლამენტის წევრი: „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან“: “არაერთხელ გვინახავს სუსის მიერ დაწყებული ე.წ. “გამოძიება ხელისუფლების დამხობის მუხლით აღძრული. პირადად მე ხუთჯერ ვარ დაკითხული, მაგრამ არცერთი საქმე ბოლომდე არ მისულა, იმიტომ რომ ეს იყო სამართლებრივი და პოლიტიკური ნონსენსი. არ არის გამორიცხული, რომ ახლა სამხედროების დაჭერები დაიწყონ. ეს ხელისუფლებას სჭირდება, მათ ხალხის ნდობა აღარ აქვთ და დაშინებით და რაღაცა სკანდალური ამბის გამოგონებით უნდათ რომ ისევ მთავრობაში დარჩნენ. ეს მათ არ გამოუვათ”.

თუმცა მთავარი შეკითხვა ისევ უპასუხოდ რჩება: რა არის სუსის ფუნქცია, ოპონენტების პოლიტიკური განეიტრალება თუ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა?

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები