ყოველი დღე ერთგვარი დღესასწაულია, როდესაც ადამიანი იხილავს მზის ნათელს. ეს არის დიდი წყალობა უფლისა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიყვარული, სიხარული, გავიცნოთ საკუთარი თავი უკეთესად, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანები, რაც უფრო მეტად იქნებიან ქრისტიანულად განათლებულები, მით უფრო რთული იქნება მათი შეცდომაში შეყვანა.
“ყოველი დღე ერთგვარი დღესასწაულია, როდესაც ადამიანი იხილავს მზის ნათელს. ეს არის დიდი წყალობა უფლისა. მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელშიც არის მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ასხივებს სიკეთეს, სინათლეს. ტაძარში იმიტომ ვიკრიბებით ჩვენ, რომ ვისწავლოთ სიყვარული, ვისწავლოთ სიხარული, გავიცნოთ საკუთარი თავი უკეთესად. ჩვენ სხვას ვხედავთ, მაგრამ საკუთარ თავს არ ვიცნობთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავი, ამას ემსახურება საღვთო წიაღთან დაბრუნება.
ვიცი შემთხვევები, როცა ადამიანები ძალიან დაზაფრულები და შეშინებულები არიან და ამბიონიდან ისმენენ შესაშინებელ ამბებს, ჩვენ იმისთვის კი არ ვართ, რომ დაგზაფროთ და შეგაშინოთ, არამედ იმისთვის, რომ გახაროთ კარგი ამბები, ვისწავლოთ, გავძლიერდეთ და მეტი ცოდნა გვქონდეს. რაც უფრო მეტი ცოდნა გვექნება და უკეთესად ვიქნებით ქრისტიანულად განათლებულები, უფრო ძლიერები ვიქნებით და ადვილად ვერავინ შეგვაცდენს, ვერავინ მოგვატყუებს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.