ხალხი არ მიდის, საზოგადოება გვემატება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ეს არის 24-საათიანი, უწყვეტი პროცესი და ვაპირებთ, რომ ეს შევასრულოთ. ეს იყო ყველასთვის მოულოდნელი, სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ამ პროტესტის შინაარსის შესახებ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 25-მდე პერიოდს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და საჭიროა, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც აქვს დემოკრატიული ქვეყნებისგან.
“ხალხი არ მიდის, საზოგადოება გვემატება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ეს არის 24-საათიანი, უწყვეტი პროცესი და ვაპირებთ, რომ ეს შევასრულოთ. ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ ძალიან ორგანიზებული, მწყობრად დაგეგმილი პროტესტი. ეს იყო ყველასთვის მოულოდნელი, სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ამ პროტესტის შინაარსის შესახებ. ეს იყო მოულოდნელობის ეფექტი თვითმარქვია ხელისუფლებისთვის, ეს არის ის, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და დღევანდელ დღეს გვაქვს ეს გეგმა. რაც შეეხება, სამომავლო ნაბიჯებს, ეს არის მაგალითი, რასაც ჩვენ ვუჩვენებთ ხალხს, რომ პროტესტი შეიძლება იყოს, არამხოლოდ რუსთაველზე, პარლამენტის წინ, არამედ, შეიძლება იყოს გაშლილი სხვადასხვა ადგილებზე და ყველას შეუძლია ამ პროტესტში მიიღოს მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ნახავთ, რამდენად გააზრებული გვაქვს, რასთან გვაქვს საქმე და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე. 25-მდე პერიოდს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და საჭიროა, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც გვაქვს დემოკრატიული ქვეყნებისგან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან უწყვეტი პროტესტი დაიწყო. ადგილზე გაშალეს კარვები და ღამე გაათენეს. დღეს, 20:00 საათის შემდეგ “კოალიცია ცვლილებისთვის” სამოქმედო გეგმის ახალ დეტალებს გამოაცხადებს.