საჭიროა, ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით თბილისსა და მთელ საქართველოში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა:
1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;
2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;
3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა “სახალხო პარლამენტის“ საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა,
4. “სახალხო პარლამენტის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება;
5. “სახალხო პარლამენტის“ დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება“, – წერს მამუკა ხაზარაძე.