სამშვიდობო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროებით დევნილი ახალგაზრდების როლი, რადგან მათი ხედვა ომისა და ოკუპაციისგან თავისუფალია და ორიენტირებულია დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაზე, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ხონში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ლევან მგალობლიშვილმა ახალგაზრდებთან აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც დროებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებაზე და ნდობის აღდგენაზეა ორიენტირებული.
შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებაზე.
„სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აქტიურად ხორციელდება პროექტები, რომელიც მიმართულია შერიგებაზე, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გააქტიურებასა და გაღრმავებაზე, ასევე საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით აქტივობების ხელშეწყობაზე“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.