მოვისმინეთ ერთი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, მაგრამ ახლა მე უნდა წარმოგიდგინოთ არჩევნების შედეგების ჩემივე შეჯამება, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რაზეც ცესკოს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ, დილით შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს, იმ ორ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაოობა.
“მოვისმინეთ ერთი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, მაგრამ ახლა მე უნდა წარმოგიდგინოთ არჩევნების შედეგების ჩემივე შეჯამება, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რაზეც ცესკოს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია. ჩემი შემაჯამებელი შეფასება ამ შედეგების არის შემდეგი – პირველ რიგში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული მთავარი უფლებები. ერთი არის ხმის მიცემის ფარულობა და მეორე არის ხმის მიცემის საყოველთაოობა, რომლითაც ემიგრანტების საარჩევნო უფლებები იქნა უგულებელყოფილი. ამასთან, ყველამ ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდნენ წინასაარჩევნო და არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა უმნიშვნელოვანესი უფლება, რაც არის ის, რომ საარჩევნო არჩევნები დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოს მიერ იყოს განხილული. ამავე დროს, არჩევნებს არ აღიარებს პრეზიდენტი, არც ერთი ოპოზიციური პარტია, საზოგადოების დიდი ნაწილი და გრძელდება სამართლიანი პროტესტი. არ აღიარებს ამ არჩევნებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ ამ არჩევნებზე თქვან, რომ ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად და რაც მნიშვნელოვანია, გავიდა უკვე 3 კვირა და არც ერთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები, ხაზს უსვამენ დარღვევებს, განიხილავენ სხვადასხვა ზეწოლის ფორმებს. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა იმყოფება ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში, ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები. ერთი საფრთხე არის დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც ყოველდღიურად ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას, შესაძლოა, მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როდესაც ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად ირჩევს იზოლაცია, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას. ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით კარზე გვიდგას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მე არ მაქვს უფლება, რომ ეს დავუშვა და არ და ვერ დავუშვებ. ამიტომ, ამ ღრმა და საშიშ კრიზისისგან გამოსავლის გზა უნდა მოვძებნოთ ერთად.
ჩემი გეგმა ასეთია: პირველი – ცხადია, ახალი არჩევნები. არჩევნები, როდესაც არ შედგა, აუცილებელია, რომ განმეორდეს უმოკლეს ვადაში, მაგრამ, ეს ვადა, თავისთავად, დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალ არჩევნებს: ერთი არის საერთაშორისო გამოძიება, არა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ არ შედგა არჩევნები, არამედ ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაამტკიცონ ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს, თუ გვინდა, რომ მივიღოთ ახალი, სამართლიანი არჩევნები. საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ გზავნილებით, რაც იყო, თავის დროზე, ეუთო/ოდირის მოთხოვნა, მაგრამ დამატებით უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის გამართვით და ასევე, საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. მეორე პუნქტი – 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რამდენადაც, არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამ გეგმაზე არის აუცილებელი და მე ამაზე ვმუშაობ. საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს მისი შეუგუებლობა, მისი პროტესტი და მინდა მივესალმო ამ საღამოს ადამიანებს, რომლებიც არიან ქუჩაში, სტუდენტებს მინდა მივესალმო, რადგან ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან პროგრესის ძალა, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა მომავლისკენ და მინდა გითხრათ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი იქნება. პოლიტიკურ პარტიებს შევხვდი და კიდევ ვაგრძელებ შეხვედრებს მათთან, რომ გავაგებინო, რომ ამ გეგმაში მათი მონაწილეობა არის აუცილებელი და ეს ძალიან კარგად ესმით.
მე მაქვს ყოველდღიური საუბარი საერთაშორისო პარტნიორებთან ამ თემებზე, რადგან მათი მხრიდან არის დიდი მოლოდინი, რომ მოვიძიოთ გზა, რითაც გადაწყდება კრიზისი ქვეყანაში და ბოლოს, „ქართული ოცნება“ – მე ვურჩევდი მათ, რომ დაფიქრდნენ კარგად, ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. სტაბილურობა, კრიზისის გადაჭრა უმნიშვნელოვანესია.
მინდა ისიც გამცნოთ, რომ ხვალ, დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, სწორედ იმ ორ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაოობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ქვეყანაში არც ერთი სამართლებრივი დავა არ დარჩება ისეთი, რომ ბოლომდე არ ვცადოთ, ეს არის ჩემი სარჩელის მიზანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.