თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ, რომელიც პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეფუძნებოდა, – ამის შესახებ საიას განცხადებაშია აღნიშნული.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობის და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.
სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი. საიას სარჩელით მოთხოვნილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობას და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.