თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული საკითხი, მაშინ საფუძველი შეიქმნება, მათ შორის, სამართლებრივი, რომ ევროპის საბჭოს სასამართლოს მიმართოს პრეზიდენტმა, – ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ განაჩენს გამოიტანს, არ არსებობს.
“იმედი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რაიმე დადებით განაჩენს გამოიტანს, რომლითაც ის აღიარებს, რომ არჩევნების პროცედურა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ბუნებრივია, არ უნდა გვქონდეს. ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას და ასევე, არ ცნო, რომ “რუსული კანონის” მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, 78-ე მუხლს.
თუმცა, პროცედურული თვალსაზრისით, კარგია. წესია ასეთი, რომ ერთი თვის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს საკითხი, თუმცა სამართლებრივად რომ მივუდგეთ, ამ ხნის განმავლობაში პარლამენტის პირველი სესია ვერ ჩატარდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლებისგან მოსალოდნელია, რომ ისინი ამ ე.წ. სესიას მაინც ჩაატარებენ.
არსებობს მეორე ვერსიაც – თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული საკითხი, მაშინ საფუძველი შეიქმნება, მათ შორის, სამართლებრივი, რომ ევროპის საბჭოს სასამართლოს მიმართოს პრეზიდენტმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პროცედურულად გაიწელება, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. გარდა ამისა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს არ განიხილავს, კიდევ ერთი მაგალითი იქნება ეს იმისა, რომ თავად სასამართლო უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობას და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.