საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.
გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში – 620 584 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.