პირველი სხდომის მოწვევის უფლება არავის აქვს, გარდა პრეზიდენტისა. როცა გასაჩივრებულია პარლამენტის წევრების უფლებამოსილების საკითხი, სხდომის მოწვევა იქნება არაკონსტიტუციური, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო, სავარაუდოდ დირექტივებით იხელმძღვანელებს.
“გვაქვს ყველა არგუმენტი, არის არაერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტის სარჩელში ეს დასაბუთებულია. მიუხედავად იმისა, რომ სრულად გასულია პროცესი კონსტიტუციური სტანდარტებიდან, ყველა სამართლებრივ გზას ვიყენებთ იმისთვის, რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დავიცვათ.
ახლა ჩვენ ალბათ, უფრო სწრაფ განხილვას ველოდებით, თუმცა სასამართლო დაელოდება ალბათ, როგორი იქნება დირექტივა.
ფაქტი არის ის, რომ პირველი სხდომის მოწვევის უფლება არავის აქვს, გარდა პრეზიდენტისა და ფაქტია ისიც, რომ როცა გასაჩივრებულია პარლამენტის წევრების უფლებამოსილების საკითხი, ანუ, არჩევნების ბათილობა დგას განსახილველად, აქ სხდომის მოწვევა იქნება არაკონსტიტუციური. ეს პარლამენტსაც უწერია თავის რეგლამენტში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების საყოველთაობის და ფარულობის დარღვევებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სარჩელით მიმართა.