რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა თავის ჯარებს 2025 წლის 20 იანვრისთვის განდევნონ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქიდან, ანუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღემდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა
მისი თქმით, პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ აკონტროლებს იმ სიტუაციას, რომელსაც არ აკონტროლებს.
“პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი განდევნა კურსკის ოლქიდან. და ყველა ეს ამბავი, ყველა ეს დემონსტრაციული დარტყმა ახალი რაკეტებით – ეს ყველაფერი უბრალოდ არ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ მას სურს ჩვენი განდევნა მომავალი წლის 20 იანვრამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ კურსკის რეგიონში აჩვენა, რომ რუსეთს არ შეუძლია დაიცვას საკუთარი ტერიტორიები, რადგან მოსკოვმა მთელი თავისი ძალები უკრაინის მიწების ოკუპაციისთვის გადაისროლა. ამ მხრივ უკრაინისთვის ურთულესი მდგომარეობა დონბასშია.
“მას (პუტინს) სურს აჩვენოს, რომ შეასრულებს, როგორც თქვა, ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დავალებას, დაიკავებს მთელ დონბასს და მას სჭირდება ჩვენი განდევნა კურსკის მიმართულებიდან. მას ეს ორი დავალება აქვს. აქედან გამომდინარეობს შედეგები: სირთულეები აღმოსავლეთში. დიახ, იქ არის უკრაინული ქვედანაყოფების არასაკმარისი პერსონალი სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, დახმარების ნელი მიწოდების გამო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები “იქ არიან“ და იცავენ სამშობლოს.
ასევე, მისი თქმით, რუსეთს აქვს დიდი დანაკარგები კურსკის ოლქში.
“მას (პუტინზე) არასდროს ჰქონია ასეთი დანაკარგი, ვიცით, რომ მან სარდლობის მეშვეობით გადმოსცა პირადი თხოვნა, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მთელი ბედი კურსკის ოპერაციაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაცია აგვისტოში დაიწყო და 100-ზე მეტ დასახლებაზე კონტროლი დაამყარა, ამ დროის განმავლობაში რუსეთმა მხოლოდ მცირე ნაწილის დაბრუნება შეძლო.
12 ნოემბერს The Telegraph წერდა, რომ პუტინს სურს კურსკის რეგიონზე კონტროლი 20 იანვრამდე დაიბრუნოს. კერძოდ, ნატოს მოკავშირეებს აქვთ ასეთი ვარაუდები, ვინაიდან რუსმა დიქტატორმა ამ მიმართულებით სულ დაახლოებით 50 ათასი რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გაგზავნა.