რწმენა არის ადამიანის სიცოცხლის განმაპირობებელი, ეს არის მსოფლმეხდველობითი თემა, რომელიც განაპირობებს ადამიანის ქმედებას. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს – რა სწამს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მისივე თქმით, უფალი ყველას სწყალობს, მაგრამ ადამიანი არ სწყალობს საკუთარ თავს
“არაერთგზის მოგვისმენია და გვითქვამს, რომ ასეთი მცირერიცხოვანი ერის ცხოვრება და მისი დღემდე მოსვლა შეუძლებელი იქნებოდა, თუ არა რაღაც განსაკუთრებული მადლისმიერი შემწეობა. ადამიანები მოიწვევენ ღვთის მადლს თავისი განსაკუთრებული რწმენითა და ლოცვით. ცხოვრებაში იმ მნიშვნელოვანი ადგილის დათმობით, რომელსაც უთმობენ უფალს.
რა ვთქვა დღეს, როდესაც მრავალი წელია გასული, რაც ქრისტიანობა მივიღეთ, ჩვენ ისეთივე ქრისტიანები ვართ, როგორც მაშინ, როცა მივიღეთ და გულში ჩავიკარით ქრისტეს ჯვარი?! როცა წმინდა ნინოს ჯვარი წინამძღვრად გავიხადეთ?! ალბათ, ეს დაფიქრების საგანია.
რწმენა არის ადამიანის სიცოცხლის განმაპირობებელი, ეს არის მსოფლმეხდველობითი თემა, რომელიც განაპირობებს ადამიანის ქმედებას, ადამიანის წარმოდგენას სამყაროს შესახებ, ადამიანის წარმოდგენას საკუთარი თავის შესახებ – ვინ ვარ მე, საიდან მოვედი და საიდან გაჩნდა ეს სამყარო. ვინ განაგებს ამ ყოველივეს. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რა სწამს. ჩვენ კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, როდესაც ჩვენმა წინაპარმა მიიღო ქრისტიანობა, რას ხედავდა ის მასში?! ქრისტიანობა არის ცხოვრების წესი, ქრისტიანობაა ქრისტესადმი მიმბაძველობა. თუ არ ბაძავ, ე.ი. არ გესმის, ვერ აცნობიერებ იესო ქრისტე რატომ ავიდა ჯვარზე და რა კავშირი აქვს ამას შენთან.
ადამიანი, რომელიც მოწოდებულია დიდი საქმეებისთვის, ყველაზე დიდი საქმეა დიდება მისცეს ღმერთს და ეპატრონოს მის მიერ მოცემულ სამყაროს. როცა ის ამას არ აკეთებს, უგუნურობის ზღვარზეა.
უფალი ყველას სწყალობს, მაგრამ ადამიანი არ სწყალობს საკუთარ თავს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.