XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტებმა საორგანიზაციო სხდომები გამართეს, სადაც კომიტეტების დებულებები დაამტკიცეს. კომიტეტების სხდომებზე საკადრო საკითხებზეც იმსჯელეს და კომიტეტების თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები აირჩიეს.
კერძოდ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატებმა თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ჩაკვეტაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კი ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კომიტეტმა ირაკლი ხელაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ შოთა ხაბარელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვლადიმერ ბოჟაძე, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ალუდა ღუდუშაური აირჩიეს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი მარიამ ლაშხი იქნება.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მხარი გივი ჭიჭინაძის კანდიდატურას დაუჭირა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვლადიმერ კახაძე აირჩია.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი ეკა ჭიჭინაძე იქნება.
რაც შეეხება აგრარულ საკითხთა კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით შერაზადიშვილი აირჩიეს.