კონსტიტუციით, კანონებით, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულია ყველა პროცედურა, როგორი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნების შედეგად მივიღოთ პარლამენტი. დასაწყისიდან, დასასრულამდე არის არაერთი პროცედურა შესასრულებელი და ეს პროცედურები უნდა შესრულდეს ისე, როგორც კანონით არის განსაზღვრული, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის 88 წევრის მიერ, ვინც დღეს სხდომას ესწრებოდა, 150 პირის უფლებამოსილების ცნობა არის უკანონო, შესაბამისად, ამ პარლამენტს არ ჰქონდა უფლება მიეღო რაიმე გადაწყვეტილება და არც ხვალ ექნება უფლება მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება.
“კონსტიტუციით, კანონებით, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულია ყველა პროცედურა, როგორი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნების შედეგად მივიღოთ პარლამენტი. დასაწყისიდან, დასასრულამდე არის არაერთი პროცედურა შესასრულებელი და ეს პროცედურები უნდა შესრულდეს ისე, როგორც კანონით არის განსაზღვრული. უნდა ჩავიხედოთ პარლამენტის რეგლამენტში, ვნახოთ 86-ე მუხლი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ პარლამენტს არ შეიძლება წარედგინოს უფლებამოსილების ცნობისთვის ის პირი, რომლის არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო პარლამენტს უფლება არ აქვს, ცნოს ასეთი პირის უფლებამოსილება, სანამ სასამართლო არ დაადგენს, რომ ამ პირის არჩევა იყო კანონიერი. ახლა რა მოხდა… ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებიდან სამი დღის ვადაში პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრებმა შეიტანეს სარჩელები, რომლითაც ითხოვენ შემაჯამებელი ოქმის არაკონსტიტუციურად ცნობას მთელი რიგი დარღვევების გათვალისწინებით. გასაჩივრებულია პარლამენტის 150 წევრის არჩევის კანონიერება. პარლამენტის 88 წევრის მიერ, ვინც დღეს სხდომას ესწრებოდა, 150 პირის უფლებამოსილების ცნობა არის უკანონო, შესაბამისად, ამ პარლამენტს არ ჰქონდა უფლება მიეღო რაიმე გადაწყვეტილება და არც ხვალ ექნება უფლება მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.