კრიტიკულად უნდა შეხედოს ადამიანმა არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ვისთან გაქვს საქმე და აქ ჩავარდნა ის იყო, რომ ვისთან ჰქონდათ საქმე ოპოზიციას სწორად ვერ შეაფასეს და საზოგადოებასაც ეს კითხვები გაუჩნდა ოპოზიციასთან, – ამის შესახებ დიპლომატმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვერაფერი კეთდება, ეძახიან შეკრებებს, რომლებსაც თვითონაც აღარ ესწრებიან ოპოზიციური ლიდერები, თვითონვე არიან დაცლილები იმ იდეისგან თუ რა შეიძლება გაკეთდეს.
“კრიტიკულად უნდა შეხედოს ადამიანმა არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ვისთან გაქვს საქმე და აქ ჩავარდნა ის იყო, რომ ვისთან ჰქონდათ საქმე ოპოზიციას სწორად ვერ შეაფასეს და საზოგადოებასაც ეს კითხვები გაუჩნდა ოპოზიციასთან, მათ შორის, მოვისმინე, რამდენიმე ლიდერისგან, რომ არავის არაფერი არ უთქვამსო და მოსმენაც არ უნდოდათ. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო დღეებში დავინახეთ, რომ ვერაფერი კეთდება, ეძახიან შეკრებებს, რომლებსაც თვითონაც აღარ ესწრებიან ოპოზიციური ლიდერები, თვითონვე არიან დაცლილები იმ იდეისგან თუ რა შეიძლება გაკეთდეს. საზოგადოება ერთიანობას ვერ ხედავს, რადგან ოპოზიცია ჭრელია. ის, რაც მოხდა საქართველოში, არის ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის, რაც მას უფასოდ მოუწია და მიიღო კიდეც და ეს გაუკეთა ივანიშვილმა პუტინს თუ პუტინმა ივანიშვილს, ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს თავისი კანონებით, თავისი ნაბიჯებით ამ ქვეყნის დემოკრატიული მმართველობიდან დაშორება. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბალანსი დარღვეულია და ეს არის იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ძალიან ცუდი გზა აირჩიეს და გაჰყვნენ იმ გზას, სადაც არის უნგრეთი, ბელორუსი და ბალკანეთის ბევრი ქვეყანა. სამწუხაროდ, ჩვენ სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით, ეს ის გზაა, რაც სხვა ქვეყნებში ნანახი გვაქვს და ამას ვთხოვდით მაშინაც ოპოზიციას და ახლაც, რომ გაითვალისწინონ, რასთან ექნებათ საქმე“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.