ჩემი აზრით გამორიცხულია, რომ მათ მანდატები დატოვონ. ეს ხალხი ახლა ეძებს გამოსავალს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებას, მით უმეტეს, ყველა არ დაწერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მეორე დღეა, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართოს პარლამენტს, თუმცა, ამას არ აკეთებენ. მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არა საკუთარი ამომრჩეველი, არამედ, პატრონები აინტერესებთ და მომავალშიც მათი მითითებებით იმოქმედებენ.
“მეორე დღეა როცა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები, რომელმაც შეიძლება მათი მანდატების დატოვება გამოიწვიოს. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს მათ ამომრჩეველს, მათ აინტერესებთ, რა უთხრეს თავიანთ პატრონებს. იმათ მითითებებს ელოდებიან, ვისაც ეტყვიან დატოვეთო [მანდატები] – დატოვებენ, ვისაც ეტყვიან დარჩით – დარჩებიან. ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, მათ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს. მე მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ – თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ”, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.