როგორც ვიცით, სახალხო დამცველის აპარატში ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მე არ მიკვირს მათი გადაწყვეტილება. უფლებამოსილების ცნობა იყო არაკონსტიტუციური და ძალიან მარტივად ამაზე სახალხო დამცველს შეეძლო ეთქვა ის, რაც არის, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველისგან მოლოდინი სწორედ ის არის, რომ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და ყველაფერზე ძალიან ღიად ისაუბრებს.
“როგორც ვიცით, სახალხო დამცველის აპარატში ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მე არ მიკვირს მათი გადაწყვეტილება. უფლებამოსილების ცნობა იყო არაკონსტიტუციური და ძალიან მარტივად ამაზე სახალხო დამცველს შეეძლო ეთქვა ის, რაც არის. სახალხო დამცველისგან მოლოდინი სწორედ ის არის, რომ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და ყველაფერზე ძალიან ღიად ისაუბრებს, სადაც ხედავს პრობლემას და ის, რომ ეს ჩვენ ვერ დავინახეთ ბოლო პერიოდში, ყველას ჰქონდა უკმაყოფილება, ალბათ, მათ შორის შიგნითაც, აპარატში. ეს განცხადებაც ამის მანიშნებელია, რომ მათ ვერ დაინახეს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ამ პროცესში“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას.