უკრაინასა და რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის პოსტს კიტ კელოგი დაიკავებს. ის არის გადამდგარი გენერალი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, კელოგს “გამორჩეული სამხედრო და საქმიანი კარიერა აქვს”, ასევე, გამოცდილება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში.
“ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდობას სიმტკიცით და ვაქცევთ ამერიკასა და მსოფლიოს ისევ უსაფრთხოდ!” – განაცხადა ტრამპმა.
ცნობილია, რომ კელოგს ეკავა მაღალი თანამდებობები ტრამპის ადმინისტრაციაში 2017 წლიდან 2021 წლამდე. კერძოდ, ის იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსი და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
მედიის ცნობით, კელოგმა შესთავაზა საკუთარი გეგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. ეს გეგმა ითვალისწინებს, რომ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინა დათანხმდება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამავდროულად, შეერთებული შტატები მზადაა, გააფრთხილოს მოსკოვი მოლაპარაკებებზე უარის თქმის შედეგების შესახებ, მათ შორის კიევისთვის მხარდაჭერის გაზრდაზე.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია ერთ დღეში დაასრულოს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. მედიის ცნობით, მისი “სამშვიდობო გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიების ნაწილის გადაცემა.
ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია ტრამპის გეგმის ახალ ვერსიაზე, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის ბუფერული ზონის შექმნას, რომელსაც ევროპელი ჯარები დაიცავენ.