ეს მოსამართლე “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნების” ცესკოს, ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ეს სიმართლე ვუთხარი პირში და ამის გამო გამაძევა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ სასამართლო დარბაზიდან გაძევების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ზვიად ცეკვავა მოსამართლეა, მაგრამ სამართალს არ ემსახურება.
“ზვიად ცეკვავა მოსამართლეა, მაგრამ სამართალს არ ემსახურება, ეს ადამიანი ივანიშვილს და მის რეჟიმს ემსახურება. სხდომაზე ზვიად ცეკვავას გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ „არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ არჩევნებს, არა რუსულ სპეცოპერაციას“ – განვაცხადე.
სწორედ ეს მოსამართლე იღებდა საარჩევნო დარღვევებზე გადაწყვეტილებებს, რომელიც “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნების” ცესკოს, ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ეს სიმართლე ვუთხარი პირში და ამის გამო გამაძევა”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, მათ შორისაა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ფარულავაც, რომელიც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა. საქმე 10 ნოემბერს მიმდინარე აქციას ეხება, სადაც ფარულავა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის გადაკეტვის ეპიზოდში მონაწილეობდა.