წყალტუბოში ცნობილ სპორტსმენს, არაერთი რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულსა და საერთაშორისო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს ლეილა კვიციანს შეხვედრა მოუწყვეს. ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას წარმატებული სპორტსმენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო ისტორიები გააცნეს.
ლეილა კვიციანის სპორტული ასპარეზობა წყალტუბოს სპორტული სკოლიდან დაიწყო. ახალგაზრდა და პერსპექტიული კალათბურთელი წლების განმავლობაში იცავდა ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ღირსებას როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. იყო სპორტის ოსტატი, საერთაშორისო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მსუბუქი მრეწველობის დარგში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
ღონისძიება საზოგადოება „ძველი წყალტუბოელების“ თავმჯდომარის გელა ხუნწარიძის ინიციატივით გაიმართა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით ქალბატონ ლეილა კვიციანს წლების განმავლობაში წყალტუბოს სახელით ასპარეზობისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა მადლობის სიგელი. ვეტერან სპორტსმენსა და ღირსეულ წყალტუბოელს სიტყვებით მიმართეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სერგო კირკიტაძემ, საკრებულოს წევრმა ხათუნა მაღლაკელიძემ, საზოგადოება ,,ძველი წყალტუბოელის’’ თავმჯდომარემ გელა ხუნწარიძემ, ოთარ შენგელიამ, სულიკო იოსელიანმა, ანზორ ბაბუნაშვილმა, გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს” რედაქტორმა მურთაზ კანკაძემ და სხვებმა.
სპორტული კლუბების გაერთიანების მმართველმა ირაკლი კუჭავამ საზოგადოებას გააცნო გადაწყვეტილება წყალტუბოში ლეილა კვიციანის სახელობის ტურნირის გამართვისა და გარდამავალი თასის დაწესების შესახებ, ხოლო სამუზეუმო გაერთიანების მენეჯერმა, ია კუხალაშვილმა აღნიშნა, რომ მუზეუმში შეიქმნება საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება წარმატებული სპორტსმენის მიერ მიღებული ჯილდოები.
“დღეს მე სიამაყით ვარ სავსე, უპირველეს ყოვლისა, მსურს ამ მოწვევისა და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მე ყოველთვის იქ ვდგავარ სადაც ჩემი წყალტუბოა, ჩემი გული ყოველთვის აქ, ამ შესანიშნავ ქალაქში გამორბის და იქამდე იქნება აღსავსე სიყვარულით, სანამ ქვეყნად წყალტუბო იარსებებს”, – ამ სიტყვებით მიმართა ლეილა კვიცარიძემ თანაქალაქელებს, რომელთა მიერ ჩატარებულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ წყალტუბოში განსაკუთრებულად აფასებენ გამორჩეულ და ღირსეულ ადამიანებს, რომ ამ ქალაქის არსებობისთვის გულთბილი ადამიანური ურთიერთობები და გამორჩეულად კარგი ადამიანების ღვაწლის აღიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.