ივანიშვილმა დანიშნა ისეთი ადამიანი პრეზიდენტად, რომელსაც განათლება არ აქვს. ბოლშევიკებიც უდიპლომო იყვნენ, რომლებმაც განათლებული სოციალ-დემოკრატები გაყარეს ამ ქვეყნიდან, – ამის შესახებ ისტორიის დოქტორმა, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა ბეჟან ჯავახიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა ყაველაშვილი მისი რუსული იდეოლოგიის გამო დანიშნა.
“ეს ადამიანი, ივანიშვილი არის რუსი. ჩვენ გვყავს რუსული რეჟიმი. ივანიშვილმა დანიშნა ისეთი ადამიანი პრეზიდენტად, რომელსაც განათლება არ აქვს. დღეს ყველაზე დიდ ტრაგედიად ღლიცინი მიმაჩნია ამ თემაზე, ეს არის ჩვენი სისუსტის გამომჟღავნება, რომ ჩვენ ბრძოლა არ შეგვიძლია.
ივანიშვილი, რომ ჩამოვიდა, გვითხრა – საქართველო არის პატარა სოფელიო. ამ პატარა სოფელში კი თავად გახდა გურჯი და ვისაც უნდა, იმას აყენებს ხელისუფლებაში. მას შეეძლო, ნებისმიერი აერჩია, ისეთი, ვისაც საზოგადოებაში რაღაც ღირებულება აქვს, მაგრამ მან დააყენა ეს. ბოლშევიკებიც უდიპლომო იყვნენ, რომლებმაც განათლებული სოციალ-დემოკრატები გაყარეს ამ ქვეყნიდან. ადამიანებმა კი არც იფიქრეს ამის შესახებ. ივანიშვილმა ამ შემთხვევაში აარჩია ყველაზე რუსული ადამიანი, რომელმაც “რუსული კანონი” წამოაყენა”, – განაცხადა ბეჟან ჯავახიამ.