არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც არ ოცნებობს ევროკავშირში გაწევრიანებას, უბრალოდ, ძალიან ბევრი ქვეყანა არ არის ევროპის ნაწილი გეოგრაფიულად. ასევე, არ არსებობს ქვეყანა, სადაც იტყვიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დააზიანებს მათ ეკონომიკას ან ღვინის სექტორს შეუქმნის პრობლემებს, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის არგუმენტები, რაც დღეს პაპუაშვილმა თავის განცხადებაში მოიყვანა, ვერანაირად ვერ ჩაითვლება რაციონალურად.
“არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც არ ოცნებობს ევროკავშირში გაწევრიანებას, უბრალოდ, ძალიან ბევრი ქვეყანა არ არის ევროპის ნაწილი გეოგრაფიულად. ასევე, არ არსებობს ქვეყანა, სადაც იტყვიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დააზიანებს მათ ეკონომიკას ან ღვინის სექტორს შეუქმნის პრობლემებს. ევროკავშირის პასპორტი ითვლება ყველაზე ძლიერ პასპორტად მსოფლიოში, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების გამო, დავკარგავთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს გარკვეულ ქვეყნებთან, ეს არის ნონსენსი, რადგან ერთადერთი ვისთანაც დაკარგავ ეს იქნება რუსეთი, მაგრამ, შენ გექნება სრული თავისუფლება შუა აზიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, კანადაში, მხოლოდ რუსეთში ვერ შეხვალ უვიზოდ. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩვენ გვაქვს დსთ-ის ქვეყნებთან და ამის გაუქმება არ არის ახლა მიზანშეწონილი, მაგრამ, თუ ევროკავშირში წევრიანდები და ამის გამო მოგიწევს ამ რეჟიმის გაუქმება, სამაგიეროდ, თურქეთთან გექნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც ევროკავშირის საბაჟო კავშირის წევრია. ის არგუმენტები, რაც დღეს პაპუაშვილმა თავის განცხადებაში მოიყვანა, ვერანაირად ვერ ჩაითვლება რაციონალურად“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას.
“იქით შეგვეხვეწოს ვიღაცამ, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ ჩვენი თავი. გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც. სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, ჩვენ იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს? რომელიც დადებული გვაქვს თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან. ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს. უვიზო მიმოსვლა იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს გაუქმება? აღარ გვექნება. ერთ მხარს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია… იმიტომ რომ ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, იმას საქართველოში ვერ შემოვუშვებთ ჩვენ… დღესვე რომ გავწევრიანდეთ ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა”, – განაცხადა პაპუაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.