მესმის დღეს საზოგადოება რა ემოციით და განწყობით არის, რადგან ჩვენ ყველა იმავეს განვიცდით დღეს. დღეს წერტილი დაესვა იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია რამდენიმე თვეა, დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეგუება, არ დანებება, წინააღმდეგობა არის ყველაზე მთავარი და პრეზიდენტი ამის ერთგული იქნება ბოლომდე.
“მესმის დღეს საზოგადოება რა ემოციით და განწყობით არის, რადგან ჩვენ ყველა იმავეს განვიცდით დღეს. დღეს წერტილი დაესვა იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია რამდენიმე თვეა, დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ყველა, ვისაც ჰქონდა რაღაც ეჭვი, რომ შეიძლება რაღაც ახსნა მაინც ჰქონდეს ამ ყველაფერს, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს.
დღეს ამ არარსებულმა ხელისუფლებამ გამოუცხადა ომი საქართველოს, რადგან ამ გზაზე არ არსებობს, არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც სახელმწიფოებრიობა, მხოლოდ არსებობს რუსეთი. მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც იგივე ვუთხარი, ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, მაინც ელოდნენ რაღაცებს, მაგრამ ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და ვინმე თუ არ ხედავს ამას, პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმისა თუ, რაც ხდება. მე მათ მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ახალი არჩევნები, ეს არის ჩვენი გამოსავალი. ახლა აღარ არის იმის დრო, რომ მე ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს… ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან საერთოდ არ ვართ. მე ვიქნები თქვენთან ერთად, იმდენად, რამდენადაც იქნებით ერთიანები, ჩვენ დღეს გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები. მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში და მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ, ბოლომდე ვიდგები აქ.
მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დრო არის, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ, დროა იფიქროთ თქვენი შვილების მომავალზე. რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როდესაც თქვენს შედეგში იცხოვრებენ, ღირსება, ქვეყანა და სამშობლო ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მინდა მოგმართოთ ელჩებს, დღეს რას აკეთებთ?! ვის ემსახურებით, სად ხართ?! რა აბსურდში ცხოვრობთ, იფიქრეთ ხალხო, რუსეთს გინდათ ემსახუროთ?! მინდა მივმართო ნამდვილ პოლიციას, თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და მოქალაქეები უნდა დაიცვათ და არა მოღალატეები და აიღეთ თქვენს ხელში, რაც არის თქვენი გადასაწყვეტი. მე მინდა მივმართო ქართულ ჯარს, ამ შენობაში არის გამოფენილი ეროვნული გმირის პორტრეტები და ამას ვერავინ ჩამოხსნის, როგორც ვერავინ მოგვპარავს დამოუკიდებლობას. საზოგადოებას მივმართავ, არ დაკარგოთ იმედი, არავინ არ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტის ძალა. არ შეგუება, არ დანებება, წინააღმდეგობა არის ყველაზე მთავარი და პრეზიდენტი ამის ერთგული იქნება ბოლომდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.