ეს არის 1921 წლის სცენარის გამეორება. დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი. ჩვენ ან ახლა ვიბრძოლებთ და დავიცავთ საქართველოს, ან სახელმწიფო კი არა, ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია.
“მინდა, ყველამ ძალიან ნათლად გაიგოს, რომ დღეს რეალურად, ვცხოვრობთ პოლიტიკური ოკუპაციის რეჟიმში. რაც საქართველოში მოხდა, ეს არის 1921 წლის სცენარის გამეორება. რუსეთი ამ შემთხვევაში, შემოვიდა არა საბჭოთა ჯარით და ტანკებით, არამედ გაყალბებული არჩევნებით ხელისუფლების უზურპაციის გზით.
დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი. ჩვენ ან ახლა ვიბრძოლებთ და დავიცავთ საქართველოს, ან სახელმწიფო კი არა, ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩება იმიტომ, რომ ამ ქვეყნიდან ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს გაქცევა, ამიტომ, მივმართავ ყველას – საჯარო მოხელეებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს – ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა.
პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერი ლიდერები ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ. განხილვის თემა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა იყო.