არაფრისმომცემი რეზოლუციებია, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, შანტაჟით, ამ ყველაფერში კი კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციას.
მისი შეფასებით, ქვეყნის დასავლელი პარტნიორების ნაწილი ყველაფრის წინააღმდეგ წავიდა.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ მსგავსი რეზოლუციები ვიხილეთ ძალიან ბევრჯერ. მეხუთე თუ მეექვსე რეზოლუციაა, თუ არ ვცდები. არაფრისმომცემი რეზოლუციებია, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, შანტაჟით, ამ ყველაფერში კი კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ. ალბათ ცოტა ხანში გავიგებთ ამასაც. მსგავს რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ეს ადამიანები, ჩვენი ე.წ. დასავლელი მეგობრები, ყველაფრის წინააღმდეგ წავიდნენ, ყველა ინსტიტუცია ფეხქვეშ გათელეს. ნახეთ, ეუთო/ოდირის წინააღმდეგ რა განცხადებებს აკეთებდნენ? თურმე დღეს გახდა ცუდი ეუთო/ოდირი და არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს. იმიტომ არ აქვს, რომ ისინი დამარცხდნენ და უჭირთ, ამ ყველაფრის აღიარება; იმიტომ არ ჩატარდა თურმე დემოკრატიულად ქვეყანაში არჩევნები, რომ დამარცხდნენ და ქართველმა ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა. ამიტომ კეთდება მსგავსი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.
“ჯერ იზეიმეს, სხვათა შორის, ტაშ-ფანდური გამართეს საღამოს 8 საათზე. ერთმანეთს ეხვეოდნენ და ერთი ამბავი ჰქონდათ. მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ ხალხს, თავიანთ ამომრჩეველს, რომ იგებდნენ. არჩევნების შემდეგაც, 20:00 საათზე მოატყუეს ამომრჩეველი და იზეიმეს. შემდეგ უკვე გაირკვა, რომ თურმე არჩევნები ყოფილა ცუდად ჩატარებული“, – განაცხადა კალაძემ.