“პირველი შემთხვევა არაა, როცა რადიკალიზმზე საუბრობენ. იგივე ხდებოდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც იყო ცრუ პროტესტი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საპროტესტო აქციების თემის კომენტირებისას ისაუბრა.
მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, თუმცა, რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული.
“ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება. ეს არის ცრუ პროტესტი. როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და მისი საფუძველი არის მხოლოდ ტყუილი, რა თქმა უნდა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება. გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით მოვახდენთ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ, პირველ რიგში, დავიცავთ ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესს.
პირველი შემთხვევა არაა, როცა ისინი რადიკალიზმზე საუბრობენ. იგივე ხდებოდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც იყო ცრუ პროტესტი. ახლაც იგივეა. რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს. მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კალაძემ.