სალომე ზურაბიშვილი ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს, რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უნდა, რომ რაღაცნაირად ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი ხუთი პარასკევი.
“როდესაც ხარ ჯერ კიდევ პრეზიდენტი და გყავს ამხელა ადმინისტრაცია, შეიძლება, თავად სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ მინიმუმ მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მოსმენილის და წაკითხულის გააზრების უნარი. როდესაც იცი რა ითქვა და სიცრუით პასუხობ ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის რეალურ განზრახვაზე. ის ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს. ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უნდა, რომ რაღაცნაირად ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი 5 პარასკევი, თუმცა ეს 5 პარასკევიც ამოიწურება და აქტუალობას დაკარგავს თავიდან ბოლომდე ეს ქალბატონი. შესაბამისად, მე მის ქმედებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ის არის მილევად რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.