ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო, საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს.
ესენია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი.
“არის ქვეყნის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადასდო…” ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას. გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე”, – აღნიშნულია საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებაში.
“აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი”, – წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სოციალურ ქსელში.
“სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელფოსტის საშუალებით მიიღებთ“, – აღნიშნულია სულხან-საბას უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ავრცელებენ თსუ-ის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
“გუშინ, 28 ნოემბერს, ჩვენ კიდევ ერთხელ შევესწარით ძალადობის ფაქტებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ განცხადებებს, რაც ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმად შეგვიძლია აღვიქვათ.
ეს მხოლოდ ინდივიდების ან ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად არ განიხილება — ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ, სტუდენტები, ღრმად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლის წინაშე. ჩვენი არჩევანი ევროპაა, ეს არჩევანი ჩვენი თავისუფლების, ღირსებისა და განვითარების გზაა.
სამწუხაროდ, გუშინდელი დღე კიდევ უფრო ცხადად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ არაპროპორციული ძალის გამოყენება, მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და პირად სივრცეში ჩარევა ხდება ნორმა. ეს ყველაფერი ჩვენგან მოითხოვს არა გულგრილობას, არამედ აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას.
სწორედ ამიტომ მივმართავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და ყველა პასუხისმგებელ პირს:
ჩვენ არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და მოვითხოვთ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას, რადგან ამ ვითარებაში შეუძლებელია სტუდენტების ყურადღების კონცენტრირება განათლებაზე. შუალედური გამოცდებისა თუ საუნივერსიტეტო ცხოვრების გაგრძელება იმ ხარისხით, რაც აკადემიურ პროცესს სჭირდება, ამ პირობებში წარმოუდგენელია.
ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს:
თქვენი სიტყვები და იდეები, რასაც აუდიტორიებში გვიზიარებთ, სწორედ ახლა უნდა იქცეს ქმედებად. ის ღირებულებები, რომლებიც გვასწავლეთ, დღეს ჩვენ გვერდით ყოფნასა და საერთო ბრძოლაში მონაწილეობას მოითხოვს.
დღეს სტუდენტების ბრძოლა მხოლოდ სტუდენტური საქმე არ არის. ეს არის საერთო ეროვნული არჩევანი – ევროპა თუ უკან დაბრუნება? ჩვენ ვიცავთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ოცნებად განიხილავდა – ევროპულ მომავალს, რომელიც დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ თსუ-ს სტუდენტები ვიაზრებთ, რომ ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც თსუ განასახიერებს ისტორიის მანძილზე. ვალდებულები ვართ, მოვითხოვოთ ის, რაც ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას: მშვიდობა, თავისუფლება და ევროპული ოჯახში ღირსეული ადგილი. სოლიდარობა და მადლობა ჟურნალისტებს, ასევე სხვა ქალაქებში გაფიცულ სტუდენტებსა და რაც მთავარია 40-ზე მეტ გუშინ ღამით დაკავებულ მოქალაქეს, ერთად აუცილებლად
გავიმარჯვებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სტუდენტებთან ერთად თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ:
“ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელებს, მიგვაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული, უალტერნატივო გზაა. ამ გზის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ჯერ კიდევ 2005 წლიდან ბოლონიის პროცესთან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მჭიდრო ინტეგრირება. ამ და სხვა მრავალი გარემოებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული თაობათა მრავალწლიანი ძალისხმევა და, შესაბამისად, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი. “საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. სალომე დუნდუა – ფაკულტეტის დეკანი
2. თამარ ვეფხვაძე – ასოცირებული პროფესორი, თსუ აკადემიური საბჭოს წევრი
3. ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი
4. თამარ მახარაძე – ასოცირებული პროფესორი
5. მაია ტორაძე – ასოცირებული პროფესორი
6. მანანა შამილიშვილი – ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
7. თათია მჟავანაძე – ასისტენტ-პროფესორი
8. სანდრო ტაბატაძე – ასისტენტ პროფესორი
9. მედეა ბადაშვილი – ასოცირებული პროფესორი
10. კონსტანტინე შუბითიძე – ასოცირებული პროფესორი
11. იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი
12. თამარ ქარაია – ასოცირებული პროფესორი
13. ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
14. მარიამ გერსამია – პროფესორი
15. ლაშა მათიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
16. დავით მაცაბერიძე – ასოცირებული პროფესორი
17. მარი წერეთელი – ასოცირებული პროფესორი
18. ნოდარ ბელქანია – პროფესორი
19. გიორგი კვინიკაძე – ასოცირებული პროფესორი
20. ამირან ბერძენიშვილი – პროფესორი
21. ნათია კუპრაშვილი – ასოცირებული პროფესორი.