აქციიდან რამდენიმე საათი გავიდა და ოჯახები ეძებენ ასობით დაკარგულს, დაკავებულს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილ ადამიანებს. სახალხო დამცველი სად არის არ ვიცით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიღბიან სამართალდამცველებს, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, სრული თავისუფლება და ინდულგენცია ჰქონდათ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომლებიც არაპროვოცირებულად იქცეოდნენ.
“აქციიდან რამდენიმე საათი გავიდა და ოჯახები ეძებენ ასობით დაკარგულს, დაკავებულს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილ ადამიანებს. სახალხო დამცველი სად არის არ ვიცით. სახალხო დამცველი ახლა დიღმის იზოლატორში კი არ უნდა იყოს, მთელი ღამის განმავლობაში უნდა ყოფილიყო რუსთაველზე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და ერთი სიტყვა მაინც უნდა ეთქვა. სამწუხაროდ, საქართველოს დღეს ჰყავს სამარცხვინო სახალხო დამცველი, აჯობებს, ასეთი სახალხო დამცველი ჩვენ არ გვყავდეს, გვეცოდინება მაინც, რომ არ გვყავს და ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ. როგორ შეიძლება საქართველოს რიგით მოქალაქეს ეს ხალხი ასე ექცეოდეს, საერთოდ ქართველები არიან?! ეს არის სამარცხვინო.
ჩვენი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი უკანონო თავდასხმების შედეგად უკანონოდ არის დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ, სად და რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილები, ამასაც ვერ ვიგებთ და სახალხო დამცველი არაფერს არ აკეთებს. დრო და ადგილი დაუთმო პრემიერს, ელაპარაკა ტყუილების მთელი კასკადი, არაპროვოცირებულ ადამიანებს ესხმოდნენ ნიღბიანი პოლიციელები თავს, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები. ჩვენს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს ლევან თორიას, როდესაც ის აქციას ტოვებდა ათობით ნიღბიანი პოლიციელი, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები, თავს დაესხა და ეს ადამიანი ჩვენ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვიპოვეთ.
ყველა ადამიანს, რომლებმაც გუშინ ეს აქცია გამოიარა და მსხვერპლი გახდნენ ძალადობის, მე თანადგომას ვუცხადებ და თითოეული მოქალაქის ვალდებულებად უნდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ და უსამართლოდ არიან დაკავებულები, ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ჯანმრთელობისა და გათავისუფლებისთვის. როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაჰბრალდა და ცდილობენ დააბრალონ მშვიდობიან ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამდნენ თავის აზრს. ითქვა, რომ მომიტინგეებმა სისტემურად წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს, მაშინ როდესაც ნიღბიან სამართალდამცველებს, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, სრული თავისუფლება და ინდულგენცია ჰქონდათ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომლებიც არაპროვოცირებულად იქცეოდნენ. უნდა ვიპოვოთ თითოეული დაკავებული და გავათავისუფლოთ. ჩვენ ნიღაბი უნდა ჩამოვხსნათ იმ პოლიციელებს, რომლის იდენტიფიცირებასაც ვერ ვახდენთ და ხშირ შემთხვევაში ადამიანებს თავს ესხმიან.
ორი დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოვიდა და თქვა, რომ კანონი ამას არ განსაზღვრავსო და რა ვქნათ პოლიციელთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან ნიღაბში არიანო და გამოძიება მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდესო, თუ ვიპოვეთ ხომ კარგი და თუ არა, მაშინ არაფერი არ ხდებაო. როდესაც სახელმწიფოს მეთაური სისტემურ თავდასხმას უწოდებს მშვიდობიან აქციას და მაგალითად წყლის ბოთლი, თვალებში მინათება და შეგინება მოჰყავს, ჩვენ ვნახეთ პოლიცია რუპორში, როგორ აგინებდა საქართველოს მოქალაქეებს და მათ აპროვოცირებდა, რა თქმა უნდა, სამართლიანობისა და ღირსების მიღმაა.
მე მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობს, რომლებმაც, უბრალოდ თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, რომ ისინი მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ და მისი ერთგულები არიან. მათზე ხორციელდება ზეწოლა, მათ იბარებენ სუსის თანამშრომლები, მინდა მათ მხარდაჭერა გამოვუცხადო და ვთხოვო, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ სამსახური და უნდა გააგრძელონ სისტემაში შიგნიდან ქვეყნის ევროპული მომავლისა და ინტერესების დაცვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.