საპროტესტო აქციები გრძელდება ხაშურშიც. მოქალაქეები ხელისუფლების ნაბიჯებს მეორე დღეა, აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ხაშურში ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილი. მანამდე ცესკოს ოფისთან იმყოფებოდნენ, მსვლელობით “ქართული ოცნების” ადგილობრივ ოფისთან გადაინაცვლეს.
“ქართული ოცნების” დროშა ჩამოხსნეს და პროტესტის ნიშნად დახიეს.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ, როგორც მასწავლებლები, ასევე სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები.
მათი განცხადებით, აქციები ყოველდღიური გახდება.
“ყოველდღიური გახდება საპროტესტო აქციები ხაშურში და როცა საკვანძო მომენტი დადგება და საჭირო იქნება, შევუერთდებით თბილისის აქციას, რომ ესენი ამ ქვეყანას მოვაშოროთ.
“ქართული ოცნება” უდრის საოკუპაციო რეჟიმს. როგორც ხელისუფლება ექცევა თავის მოქალაქეებს და რასაც ის აკეთებს, ასე ნორმალური ხელისუფლება არ იქცევა. ასე იქცეოდა როდიონოვი 9 აპრილს, ასე იქცევა რუსეთი, პუტინი და უკვე “ქართული ოცნებაც”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.