სპეციალური რაზმები უკიდურესი სისასტიკით უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. დაუშვებლად მიგვაჩნია, საზოგადოების დაშინების მცდელობა, მით უფრო, როცა ის ხდება მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებით. ეს აზიანებს ამ ქვეყნის მომავალს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მისივე თქმით, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის დროს სპეციალური რაზმების მხრიდან თმენის ვალდებულება გაცილებით მაღალ სტანდარტს მოითხოვს, ვიდრე ერთი რიგითი დემონსტრანტის.
“ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ ასეთ ვითარებაში, როცა ადამიანს უმისამართოდ წიხლს ჩააზელენ, ის შეიძლება მოკვდეს. საქართველო მოიცვა საზოგადოებრივმა მღელვარებამ – ქართული სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ბუნდოვანების და მასში გაჩენილი ბზარის გამო. ეს იწვევს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას.
დემოკრატიულ სისტემაში მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა წარმოადგენს მოქალაქეთა მთავარ კონსტიტუციურ უფლებას და მას გაფრთხილება სჭირდება სწორედ სახელმწიფოს მხრიდან.
სამწუხაროდ, ჩვენ მომსწრე გავხდით იმისა, რომ საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიასთან განლაგებული სპეციალური რაზმები უკიდურესი სისასტიკით უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. თითოეული მათგანი ამ ქვეყნის შვილია და ისინი მძაფრად რეაგირებენ, როდესაც სამშობლოს მიმართ საფრთხის შეგრძნება უჩნდებათ.
დაუშვებლად მიგვაჩნია, საზოგადოების დაშინების მცდელობა, მით უფრო, როცა ის ხდება მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებით. ეს აზიანებს ამ ქვეყნის მომავალს. მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის დროს სპეციალური რაზმების მხრიდან თმენის ვალდებულება გაცილებით მაღალ სტანდარტს მოითხოვს, ვიდრე ერთი რიგითი დემონსტრანტის. ის სისასტიკე, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, კიდევ უფრო აღვივებს საზოგადოებაში წინააღმდეგობისა და პროტესტის მუხტს, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს.
სამართალდამცველებმა, რომლებიც, უწინარეს ყოვლისა, მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მათ ძირითად უფლებებს იცავენ, ეს უნდა გაითვალისწინონ და დიდი სიფრთხილით მოეკიდონ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მჯერა, საქართველო ღირსეულად დაძლევს ამ განსაცდელს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.