არანაირი მტკიცებულება არ მიუთითებს ალეკო ელისაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე. მით უმეტეს 156-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს იყო სპეცოპერაცია, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრის ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბაბაევს ერთადერთი თავისი მეგობარი ჰყავს მოწმედ, ირანელი, რომელმაც ქართული არ იცის და ალეკო ელისაშვილის მხრიდან გაიგო მხოლოდ გინება.
“მოწმეები ვერ ადასტურებენ, რომ ეს არის ალეკო ელისაშვილი. ერთი ამბობს, რომ იყო შენობაში და ხმაურზე გამოვიდა, მეორე ამბობს, რომ ყურსასმენები ეკეთა. ერთადერთი თავისი მეგობარი ჰყავს მოწმედ, ირანელი, რომელმაც ქართული არ იცის და ალეკო ელისაშვილის მხრიდან გაიგო მხოლოდ გინება, მარტო გინება იცის სავარაუდოდ ქართული. არანაირი მტკიცებულება არ მიუთითებს ალეკო ელისაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე. მით უმეტეს 156-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს იყო სპეცოპერაცია, რომ დაეშინებინათ სხვა ოპოზიციონერი ლიდერები”, – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე დააკავეს, გუშინ კი დუშეთის იზოლატორიდან კლინიკა “ვივამედში” გადმოიყვანეს, არსებული ინფორმაციით, მიზეზი დაკავებისას და მას შემდეგ მიყენებული ფიზიკური დაზიანებები გახდა. გამოკვლევების შემდეგ ის კვლავ დუშეთის იზოლატორში დააბრუნეს.