დღეს ჩვენი მოთხოვნა არ უკავშირდება მხოლოდ არჩევნებს, არამედ უკავშირდება სისტემური დანაშაულის დასჯას, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ გავიდა კონსტიტუციური ფარგლებიდან, როდესაც გააუქმა ქვეყნის ევროპული მომავალი და იქცა სისტემატურ მოძალადე რეჟიმად.
“საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ გავიდა კონსტიტუციური ფარგლებიდან, როდესაც გააუქმა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და იქცა სისტემატურ მოძალადე რეჟიმად. ერთადერთი შეფასება, რომელიც შეიძლება სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ გაკეთდეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს გასულ დღეებში, არის სისტემატური წამება, ადამიანების უფლებების დარღვევა. შესაბამისად, ცხადია, რომ დღეს ჩვენი მოთხოვნა არ უკავშირდება მხოლოდ არჩევნებს, არამედ უკავშირდება ამ სისტემური დანაშაულის დასჯას, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს, როდესაც ქართველები საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკის ფასად იცავენ ევროპულ დროშას თბილისის და ამ ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში, ცხადია, რომ ევროკავშირი არის არ მხოლოდ მოწოდებული, არამედ ვალდებულიც, რომ დაეხმაროს ქართველების ამ გმირულ ბრძოლას.
ჩვენი კომუნიკაციის ამოცანაა, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხის მაქსიმალური დახმარება უზრუნველვყოთ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.