ორშაბათს, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანქციები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ დასანქცირდება ყველა პასუხისმგებელი იმ მოვლენებში, რაც ახლა ხდება საქართველოში.
“ორშაბათს, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანქციები. ეს ცოტა რთულია, რადგან მოითხოვს 27 ქვეყნის ერთსულოვნებას, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, მოხდება შეთანხმება და ყველა პასუხისმგებელი იმ მოვლენებში, რაც ახლა ხდება საქართველოში, დასანქცირდება.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს და დავსაჯოთ ისინი. იმიტომ, რომ ეს ხალხი ყოველ საღამოს გამოდის ქუჩებში და აფრიალებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს. ამიტომ, ჩვენი მიზანი არ არის მათი დასჯა, ჩვენი მიზანია ძლიერი სიგნალის გაგზავნა ხელისუფლებისთვის, რომ ის გზა, რომელიც მათ აირჩიეს ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არის მიუღებელი”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოზე იმსჯელებენ. ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით.