ეს არის რეჟიმის საცოდაობა, რაც ახლა ხდება პარლამენტში, ე.წ. არჩევნები, რაც ძალიან კარგად ასახავს თვითონ რეჟიმის ფორმებს და სახეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს და მის მიერ პრეზიდენტად არჩეულ ადამიანსაც ლეგიტიმაცია არ ექნება.
ამასთან, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს.
“ირჩევენ ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებულ ადამიანს, რომელიც გამოირჩევა წარმოუდგენლად მძიმე განცხადებებით და გამოირჩეოდა ანტიდასავლური განცხადებებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რათა მართლა გაანადგუროს ბოლომდე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი.
ლეგიტიმაცია არ აქვს არც პარლამენტს და არც იმ ადამიანს, ვისაც ახლა ირჩევენ, ეს არის რეჟიმი და რეჟიმი უნდა დაემხოს, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება არჩევნები, დემოკრატია და ის გზა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
აქ რაც ხდება, არაფერი საერთო ამას საქართველოს სახელმწიფოსთან არ აქვს და ქართველი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას”, – განაცხადა დეკანოიძემ.
პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.