არა თუ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, არამედ გადაადგილების თავისუფლება არის შეზღუდული, პოლიციას შეუძლია გააჩეროს ყველა ჩვენგანი და დააკავოს იმიტომ, რომ რაღაც არ მოეწონა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ უმძიმესი კრიზისიდან უმნიშვნელოვანესი გამოსავალი ახალი არჩევნებია.
“ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია უბრალოდ არის ყოველგვარ ზღვარს გადასული და იმ ახალი ცვლილებებით, რომელიც შევიდა „პოლიციის შესახებ კანონში“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, პოლიციის უფლებრივი დიაპაზონი არის განუსაზღვრელად რეპრესიული. ყველა ადამიანის, არა თუ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, არამედ გადაადგილების თავისუფლება არის შეზღუდული, პოლიციას შეუძლია გააჩეროს ყველა ჩვენგანი და დააკავოს იმიტომ, რომ რაღაც არ მოეწონა. გარდა იმ სასტიკი ისტორიების, ნაწამები ადამიანებისა, მე შემზარა ისტორიამ, ადამიანს დედა გარდაეცვალა იმიტომ, რომ მას არ მისცეს საშუალება დაერეკა ვინმესთან და დედა მარტო იყო ჩავარდნილი.
თავისუფლება ყველა დაკავებულს და რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები, რომელიც ამ უმძიმესი კრიზისიდან უმნიშვნელოვანესი გამოსავალია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საკანონმდებლო ცვლილებებით, აქციის მონაწილეებს ნიღბის ტარება აეკრძალებათ. ასევე აიკრძალება აქციაზე პიროტექნიკის გამოყენება და დარეგულირდება პიროტექნიკის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.