ჩვენ ვნახავთ ევროკავშირის ინდივიდუალურ სანქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გააჟღერებს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის გზავნილებს ევროპისთვის.
“სალომე ზურაბიშვილი დღეს გააჟღერებს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის გზავნილებს ევროპისთვის, დარწმუნებული ვარ და შესაბამისად, პლატფორმა, პირველ რიგში, ეძლევა ხალხს. ეს მათ შორის არის აღიარება იმის, რომ ეს არალეგიტიმური დაჯგუფება ივანიშვილის მეთაურობით, რომელმაც მიიტაცა ქვეყანაში ძალაუფლება არჩევნების გაყალბების გზით, არ მოიაზრება, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელი ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ინსტიტუციაში. გარდა ამისა, ჩვენ ვნახავთ ევროკავშირის ინდივიდუალურ სანქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.