ამ რეჟიმის ბოლო კვირებსა და თვეებს ვხედავთ და ყველა ადამიანმა, რომელსაც უკანონო დავალებების შესრულებას გავალებენ, უნდა იცოდეთ, რომ წარდგებით სამართლიანი სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ფავლენიშვილმა გორის ოფისზე და გიორგი ვაშაძეზე თავდასხმის ფაქტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ძალადობის, ამ ტერორისტული აქტის უშუალო ორგანიზატორები „ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები არიან – პრემიერად წოდებული, არალეგიტიმური მთავრობის მეთაური კობახიძე და დიტო სამხარაძე. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის ადგილას უამრავი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, არავინ იდენტიფიცირებული არ არის“, ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოალიციური პარტნიორის გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობასაც ჰქონდა ადგილი. ადამიანი იდენტიფიცირებულია, მისი საცხოვრებელი ადგილიც ვიცით, თუმცა მის წინააღმდეგაც არანაირი ზომა ე.წ. სამართალდამცველებს, სინამდვილეში, სამართალდამრღვევებს არ გაუტარებიათ. ყველა ეს ადამიანი, რომლებიც ახლა იდენტიფიცირებული არ არიან, ყველას იდენტიფიცირება მოხდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უახლოეს თვეებში მაინც დადგება.
რეჟიმი ირყევა, ამ რეჟიმის ბოლო კვირებსა და თვეებს ვხედავთ და ყველა ადამიანმა, რომელსაც უკანონო დავალებების შესრულებას გავალებენ, უნდა იცოდეთ, რომ წარდგებით სამართლიანი სასამართლოს წინაშე. შეუძლებელია, ტერორიზმმა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს, ამიტომ, რაც არ უნდა გატყუონ ივანიშვილის პარტიაში, ძალიან მალე მოხდება თქვენი სამართლებრივი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.