“მაგნიტსკის სიაში” გომელაურის – შინაგან საქმეთა მინისტრის შეყვანა არის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე უფრო საბედისწერო შეცდომა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის სანქციებს ვერ გააუქმებს მომავალი ადმინისტრაცია.
“მაგნიტსკის სიაში” გომელაურის – შინაგან საქმეთა მინისტრის შეყვანა არის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე უფრო საბედისწერო შეცდომა იმიტომ, რომ შემიძლია, წინასწარ გითხრათ, რომ “მაგნიტსკის სიაში” მარტო გომელაური არ მოხვდება, მოხვდებიან ძალიან მაღალი ე.წ. თანამდებობის პირები. სანქციები გაგრძელდება.
ჩვენ, როგორც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისგან შევიტყვეთ, სანქციების დაწესება გაგრძელდება ამ ადმინისტრაციის პირობებში. ასევე, ის სანქციები, რასაც ეს ადმინისტრაცია აწესებს არ გაუქმდება, არ არსებობს ამისი პრეცედენტი. ყველა სანქცია, რომელიც ახლა ხორციელდება, არის მომავალ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანა და დაასანქცირა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.