ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს აწამებენ. ეს ნიშანია იმისა, რომ შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის გარემოცვის წრე თანდათან უფრო ვიწროვდება.
“წრე ბიძინა ივანიშვილის გარშემო ძალიან ვიწროვდება. ვახტანგ გომელაური უბრალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, ის ამ მთავრობაში არის ყველაზე უფრო ახლო ადამიანი ბიძინა ივანიშვილისთვის.
როდესაც პოლიციის უფროსი სანქცირდება, ჩვენს შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს აწამებენ.
შს მინისტრის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები, განსაკუთრებით “მაგნიტსკის სიის” ტიპის სანქციები, არის განსაკუთრებულად მძიმე განაჩენი. ეს ნიშანია იმისა, რომ შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანა და დაასანქცირა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.