გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მანქანა საშობაო ბაზრობაზე ხალხში შევარდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი.
თვითმხილველების თქმით, მანქანა პირდაპირ ხალხში შევარდა, რასაც პანიკა მოჰყვა. ამის შემდეგ საშობაო ბაზრობა დაიხურა. ორგანიზატორებმა ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის ცენტრის დატოვებისკენ მოუწოდეს.
დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა მედია მსხვერპლის მნიშვნელოვან რაოდენობაზე წერს.
“შეიძლება ათობით ადამიანი დაღუპულიყო, თვითმხილველების თქმით, მძღოლი მანქანას ზიგზაგებით მართავდა“, – წერს Volksstimme.
ცოტა მოგვიანებით გამოცემა წერდა, რომ წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა, დაშავებულთაგან ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია. იმდენი დაშავებული იყო, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო კარვები გაშალეს.
მაგდებურგის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით კი, საშობაო ბაზრობაზე მომხდარის შედეგად 60-დან 80-მდე ადამიანი დაშავდა.
ავტომანქანის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია.