28 ნოემბრის შემდეგ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება. ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და სიცოცხლის მოსპობით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი დაკავებული ქალის განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები და ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით.
“28 ნოემბრის შემდეგ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება, თუმცა სამწუხაროდ, აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ან დაზარალებული ქალების ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო, უცნობია.
შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა მათ მიმართ დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მუქარის ფაქტების თაობაზე.
ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და სიცოცხლის მოსპობით; გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისთვის ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას უწმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალურ მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა მათ სიტყვებს; აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს; ერთ-ერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები და ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.