სვანეთში ტურისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
თავდასხმაში ბრალდებულ ორ პირს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევა 5 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა ნიღბიანებმა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადეს, რა დროსაც მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია და შესთავაზა, რომ წაეღოთ ყველაფერი რაც ჰქონდათ. თავდამსხმელები მას დაუპირისპირდნენ და ესროლეს. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა მას ჭრილობები მიაყენეს, მანქანით გაიტაცეს, ქალი კი ადგილზე დატოვეს. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 4 კილომეტრში ნაპოვნია მანქანაც.
დაზარალებულმა ქალმა საქმეზე ჩვენება უკვე მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულზე გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.